Answers are grounded in this paper and cite their sources.
Retrospective case series demonstrates effective infection control in chronic wounds using combined therapy, suggesting new treatment options.
ანტიმიკრობული რეზისტენტობა მნიშვნელოვნად ართულებს ჩირქოვანი ჭრილობების მართვას, განსაკუთრებით ქირურგიულ პრაქტიკაში, სადაც ბიოფილმები და მრავალრეზისტენტული პათოგენები ამცირებენ სტანდარტული ანტიბიოტიკოთერაპიის ეფექტიანობას. არსებული გამოწვევების ფონზე იზრდება ინტერესის დონე კომბინირებული თერაპიული მიდგომების მიმართ, რომლებიც აერთიანებს ანტიბიოტიკებსა და ბაქტერიოფაგებს, აგრეთვე ითვალისწინებს ჭრილობის მიკროგარემოს, მათ შორის ექსუდატის მჟავიანობას. კვლევა განხორციელდა რეტროსპექტული ქეის-სერიის დიზაინით და მოიცავდა სამ პაციენტს, რომელთაც აღენიშნებოდათ რეზისტენტული ან რთულად მართვადი ჩირქოვანი ჭრილობის ინფექციები: ანგიოქირურგიული ოპერაციის შემდგომი დანეკროზებული ჭრილობა, ფურნიეს განგრენა და კარდიოქირურგიული ოპერაციის შემდგომი მედიასტინიტი. ყველა შემთხვევაში განხორციელდა ქირურგიული დებრიდმენტი, სისტემური ანტიბიოტიკოთერაპია და ადგილობრივი ბაქტერიოფაგური თერაპია. ჭრილობის ექსუდატის pH-ის მონიტორინგი მიმდინარეობდა ყოველდღიურად ინდიკატორული მეთოდით. შედეგებმა აჩვენა, რომ სამივე შემთხვევაში დაფიქსირდა ინფექციური პროცესის კონტროლი, ჩირქოვანი ექსუდატის შემცირება და გრანულაციური ქსოვილის ფორმირება. საწყის ეტაპზე ჭრილობის გარემო იყო ალკალური, თუმცა მკურნალობის პროცესში pH თანდათანობით ნორმალიზდა, რაც კორელაციაში იყო კლინიკურ გაუმჯობესებასთან. კომბინირებული თერაპიის ფონზე მიღწეული იქნა სრული კლინიკური გამოჯანმრთელება და შემდგომი რეკონსტრუქციული ჩარევის შესაძლებლობა. კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ბაქტერიოფაგის ინტეგრირება სტანდარტულ ანტიბიოტიკოთერაპიასთან ერთად წარმოადგენს პერსპექტიულ მიდგომას რთული და რეზისტენტული ინფექციების მართვაში. ამასთან, ჭრილობის pH-ის მონიტორინგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც თერაპიული პროცესის შეფასების დამატებითი ინსტრუმენტი. აღნიშნული მიდგომა საჭიროებს შემდგომ კვლევებს ფართომასშტაბიანი კლინიკური მტკიცებულებების შესაქმნელად.
No takes yet. Share an insight, caveat, or question.
Mishidze et al. (2026) studied this question.
Synapse has enriched 8 closely related papers on similar clinical questions. Consider them for comparative context: